თეგი: კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამე ვადით აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.  

საქართველოში 116 სატელევიზიო არხი და 43 რადიომაუწყებელია - ბექაური

საქართველოს პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა მაუწყებლობის სფეროში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო. მისივე თქმით, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ხოლო ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ს შეადგენს. კომიტეტზე კახა ბექაურმა მაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი – რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია.